ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემხედვარე არაერთი კითხვა გაგიჩნდება ადამიანს. ალბათ აქამდე ვერც ვაცნობიერებდით რამხელა როლი უკავია ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმს. ახლა კონკრეტულად საქართველოზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ სიმტკიცეში დიდი როლი მიუძღვის ტურიზმს. მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ევროკავშირში შემავალი ქვეყანა, მართალია ნებისმიერ ამ ქვეყანას აქვს საკმაოდ მდიდარი შიდა და ასევე საექსპორტო ბაზარი მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მათ ეკონომიკურ სიმტკიცეს ხელს უწყობს ყოველ წელს ტურისტების მიერ იმ ქვეყანაში დახარჯული თანხა. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: იტალია, რენესანსის ქვეყანა, აქ ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის და იტალიის ბიუჯეტს ყოველ წლიურად საშუალოდ 39.9 მილიარდ ევროს მატებენ, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12% შეადგენს.
აქამდე (უფრო კონკრეტულად 21 ივნისამდე) ასე თუ ისე საქართველოში იყვნენ ტურისტები, ასე თუ ისე სავსე იყო სატუმროები, ტურისტული ატრაქციონები, მუზეუმები, კაფეები, ბარები, რესტორნები... 21 ივნისიდან 8 ივლისამდე ნელ-ნელა შემცირდა ტურისტთა რიცხვი, ეს რისი ბრალია ამის აქ გარჩევას ნამდვილად არ ვაპირებ. ერთი რამ რაც აშკარად გამოიკვეთა ამ პერიოდში იყო ის, რომ პრობლემა არ იყო უბრალოდ 8 ივლისის შემდეგ შემცირებულ ტურისტთა რიცხვი, პრობლემა იყო ის თუ რას მოიტანდა ტურისტთა ნაკლებობა: პირველ რიგში ეს ყველაფერი პირდაპირ გადის ეკონომიკაზე, ქვეყნის ბიუჯეტზე. ასევე ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახა იმ პიროვნებებზე, ოჯახებზე, რომლებიც კერძო სასტუმროების ან სხვა ტურისტებისთვის მიმზიდველ დაწესებულებებს ფლობდა.
რაც შეეხება საქართველოს, თავისი კულტურით და ისტორიით, იგი ნამდვილად უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს უცხოელი ტურისტებისგნ. საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, უფრო კონკრეტულად, კავკასიაში მდებარეობს. საქართველოს დასავლეთიდან შავი ზღვა ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი და თურქეთი, ხოლო ჩრდილოეთით- რუსეთი. თავისი მდებარეობით საქართველო ნამდვილად ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ტურისტებისთვის. ზღვა და მზე გინდათ? აჭარა, ბათუმი, შავი ზღვა... მთა ან ტყე გსურთ? მთითაც და ტყითაც სავსეა საქართველო: სვანეთი, ყაზბეგი, თუშეთი, მყინვარწვერი, მესტია... საქართველოში ულამაზესი კანიონებიცაა: მარტვილის და ოკაცეს კანიონები. ასევე მრავლადაა ტბებიც: ფარავნის ტბა, მარტოტის ტბა, მწვანე ტბა, წურის ტბა..
მოკლედ, როგორც ვახსენე, საქართველოში ტურისტების ნაკლებობამ ნამდვილად იქონია გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიუჯეტზე. დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო, რა უნდა ვქნათ? გაჩნდა ორი გზა: ან გავატაროთ ჩვენი ზაფხული საქართველოში, ან მოვუწოდოთ სხვებს, რომ ჩამოვიდნენ და მოინახულონ საქართველო. მე პირადად პირველმა ვარიანტმა მომხიბლა: რა კარგია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობ, ეცნობი საკუთარ კულტურას. მოკლედ, თითქმის ვერ ვუპოვე ამ იდეას უარყოფითი მხარე. თავდაპირველად ერთი შეხედვით თითქოს ვერ ვუპოვე შიდა ტურიზმს უარყოფითი მხარე, მაგრამ როგორც კი სასტუმროების ფასებს გადავხედე, მივხვდი, რომ საშუალო ხელფასის მქონე ადამიანი ნამდვილად ვერ გადაიხდიდა ერთ ღამეში იმ თანხას რაც მითითებული იყო ნებისმიერი ამ სასტუმროს საფასურში. მაგრამ სამშობლოში გატარებულ ზაფხულს უფრო მეტი პლიუსი აღმოაჩნდა ვიდრე მინუსი: პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა, ზაფხულის გატარება, გიჩენს უფრო დიდ ინტერესს საკუთარი ქვეყნის წარსულის მიმართ და ასევე იწყებ ფიქრს სამშობლოს მომავალზე, განვითარებაზე... დიდი სიამოვნების მომნიჭებელია ახალი ადგილების აღმოჩენა, განტვირთვა და ა.შ. ამას გარდა ზაფხულის გატარება საკუთარ ქვეყანაში ნამდვილად იქონიებს გავლენას საქართველოს ბიუჯეტზე, რადგან ნებისმიერი ადამიანის მიერ დახარჯული თანხა ისევ ბიუჯეტში შევა და შესაბამისად ეს ყველაფერი ასე თუ ისე განაპირობებს ეკონომიკურ სიმტკიცეს.
მაგრამ რა უნდა ვქნათ, რომ შიდა ტურიზმი გახდეს ყველასთვის სასურველი? პირველ რიგში უნდა მოხდეს ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ტურისტული ადგილის შესახებ, რათა გაუღვივდეთ მათ ინტერესი და მოუნდეთ საქართველოს დათვალიერება. ასევე მნიშვნელოვანია სასტუმროს ფასების დაწევა: მაგალითად საბერძნეთში, საბერძნეთის მოქალაქეებს 50% ფასდაკლება ეკუთვნით ნებისმიერ სასტუმროში, ასეთი ტიპის შეღავათი ნამდვილად წაახალისებს საქართველოს მოქალაქეებს და მათ მოუნდებათ საკუთარ სამშობლოში არდადაგების გატარება. აუცილებელია შეღავათები პენსიონერებისთვის: მათთვის უფრო იაფი ან თუნდც უფასო უნდა იყოს მუზეუმებში შესვლა, ასევე მათ უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა შეღავათები ტურისტულ დაწესებულებებში.
ენა, მამული, სარწმუნოება... სამივე უნიკალური, სამივე ულამაზესი, საინტერესო... საქართველოში მოგზაურობისას გააცნობიერებთ, რომ მთავარი მართლაც ესაა, ენა- უნიკალური, ერთადერთი, მამული- ულამაზესი, და სარწმუნოება რომელმაც გავლენა იქონია არქიტექტურაზე, რადგან როდესაც ღირსშესანიშნაობებზე ვიწყებთ საუბარს რა თქმა უნდა გვახსენდება ის მრავალი ეკლესიები, ტაძრები, რომლებიც ნამდვილად კულტურული მემკვიდრეობაა. მაგალითად: გერგეთის სამება, სიონი, მამა დავითი, ბაგრატის ტაძარი. მოკლედ, გაატარეთ ზაფხული საქართველოში და ნამდვილად არ ინანებთ!